
ნოდარ თოფურია

1942 -2023
მოქანდაკე ნოდარ თოფურია, ძირითადად მცირე პლასტიკის ჟანრში მუშაობდა. მისთვის ქანდაკება შინაგანი სამყაროს გამოხატვის ყველაზე ბუნებრივი გზა იყო. ის საკუთარ ემოციებსა და ფიქრებს მეტყველ ფორმად, ძირითადად, თაბაშირისა და ბრინჯაოს გამოყენებით აქცევდა.
ნოდარ თოფურუას ნამუშევრებში ხშირად შერწყმულია რეალური და ირეალური სამყარო. მის ქანდაკებებში ადამიანის და ცხოველის სხეულები იძენენ უჩვეულო ფორმებს, რის შედეგად ავტორი თავის ნამუშევრებში ფიზიკური სხეულების მიღმა, ადამიანის სულიერ სამყაროზე ამახვილებს ყურადღებას. სწორედ ამ გზით იქმნება დინამიური, ცოცხალი სკულპტურები, რომელთაც ღრმა ემოცია და ადამიანური სენტიმენტალურობა ახასიათებთ.
თოფურია სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე (1964-1970), ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით. სტუდენტობის პერიოდშივე მიიპყრო ყურადღება თაბაშირის დახვეწილი, ფერადი სკულპტურებით.
მისი პროფესიული გზა მოიცავდა როგორც აქტიურ საგამოფენო საქმიანობას, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას – ის იყო მხატვართა კავშირის წევრი (1973 წლიდან), ქანდაკების საერთაშორისო სიმპოზიუმების მონაწილე, სხვადასხვა სასწავლებელში პედაგოგი და ხელმძღვანელი. მათ შორის, 1993 წელს ის მხატვრის სახლის დირექტორი გახდა. 1994 – 2006 წლებში თბილისის კულტურის ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის პროფესორი იყო. 2007 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიის “წლის საუკეთესო პედაგოგად” დასახელდა.
მისი ნამუშევარი „ფერისცვალება“ სახელმწიფო პრემიით დაჯილდოებულია. ასევე არის ღირსების ორდენის კავალერი.
მოხდენილი ფორმის, ემოციურად დატვირთული ქანდაკებების გარდა, ნოდარ თოფურია ასევე მეტყველ და დინამიურ მხატვრულ ნამუშევრებსაც ქმნიდა. საერთო ჯამში ავტორმა თავისი განუმეორებელი ხელწერით, ქანდაკებებითა და მხატრული ჩანახატებით, ადამიანის სხეულისა და სულის მუდმივი ტრანსფორმაციის ვიზუალიზაცია შეძლო.
ნოდარ თოფურია გარდაიცვალა 2023 წელს, თუმცა მისი შემოქმედება დღემდე მოგვითხრობს სამყაროს მიღმიერი განცდებისა და გარდასახვების შესახებ.
ნამუშევრები





