ხშირად სერიაში ვცდილობ სხვადასხვა მომენტები ერთმანეთს დავუპირისპირო, თითქოს მუდმივ ბრძოლაშია ქაოსი და ჰარმონია.
ვახო ხეთაგური
2012 წელს ვახო ხეთაგურმა ფოტოგრაფიის სფეროში საკუთარი გზა დაიწყო. მისი პირველი პროექტი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას უკავშირდება. პირველი სერია მატარებელში გადაიღო, სადაც შემთხვევითი სცენები და მოგზაურობის ხიბლი საოცრად შეერწყა ერთმანეთს. ვახო იღებდა ყველაფერს, რაც გზად ხვდებოდა და სწორედ მაშინ გააცნობიერა ფოტოგრაფიის მიმართ თავისი სიყვარული, როდესაც მატარებლის ფანჯრიდან გადაიღო ფოტო “ქალები გზაზე”. ეს იყო მომენტი, როცა დარწმუნდა, რომ ფოტოგრაფია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა.
ვახოსთვის ფოტოგრაფია იმპროვიზაციისა და შემთხვევითობების ხელოვნებაა. სიურპრიზებით სავსე პროცესი, სადაც ხანდახან თავადაც გაოცებულია საკუთარი ნამუშევრებით. მისთვის თითოეული სერია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის გამოვლინებაა და თითოეული ნამუშევარი ადამიანების სულის სარკედ აღიქმება. გადაღების პროცესში იგი ხშირად ფიზიკურად და სულიერადაც ძალიან ახლოსაა თავის სუბიექტებთან, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ ინტიმურობას სძენს.
ვახო გადაღებისას ტექნიკას მნიშვნელობას არ ანიჭებს – იყენებს როგორც ფირის კამერებს, ისე თანამედროვე სმარტფონებს. 2020 წელს მან იმოგზაურა თბილისიდან კამბოჯამდე ავტოსტოპით, რათა დაეჭირა უნიკალური მომენტები და აღებეჭდა ემოციებით სავსე გზები. ვახოსთვის დრო და სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა მისთვის გადამწყვეტია არა დაგეგმილი სცენები, არამედ მომენტის შინაგანი ხიბლის დაჭერა.
მისი ნამუშევრები არა მხოლოდ ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებია, არამედ საშუალებას აძლევს ადამიანებს, თავად განიხილონ და ინტერპრეტაცია გაუკეთონ ნანახს. ვახო ცდილობს, რომ მისი ფოტოები არ შეიზღუდოს კონკრეტული სახელებით – ისინი ღიაა ნებისმიერი ხედვისთვის. დღეს ვახო აქტიურად მოგზაურობს და ქმნის ახალ, უნიკალურ ნამუშევრებს.
ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს ვებ-გვერდზე. ვებ-გვერდით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით არტკოდის წესებსა და პირობებს.ვეთანხმებიკონფიდენციალურობის პოლიტიკა